English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ ბესიკ ბაუჩაძე
მმართველობითი აღრიცხვის განვითარება ციფრული ეკონომიკის ფორმირების პროცესში (საქართველოს მაგალითზე)

 

ციფრული ეკონომიკის ფორმირების პროცესში ჩამოყალიბდა ბიზნესსუბიექტების საინფორმაციო სისტემის ორგანიზაციის ინოვაციური ცვლილების აუცილებლობის მკაფიო გაგება, რადგან ინფორმაცია დღეს არის სტრატეგიული რესურსი, რომელიც რაციონალურად გამოყენებისას შესაძლებელს ხდის ეფექტურად განახორციელდეს ბიზნესსაქმიანობა. ციფრული ეკონომიკა და მმართველობითი აღრიცხვა ურთიერთდაკავშირებულია, რადგან მის განვითარებასთან ერთად მმართველობითი  აღრიცხვის მონაცემები ციფრული სახით ჩნდება, რისი დამუშავებაც ხდება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.    საქართველოში ნორმატიული სამართლებრივი აქტებით არ დგინდება მმართველობითი აღრიცხვის წარმოების წესები, მას ადგენენ მფლობელები, ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რადგან ამ ტიპის აღრიცხვა სავალდებულო არ არის, ორგანიზაციები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას  მისი განხორციელების აუცილებლობის შესახებ.მმართველობითი  აღრიცხვის კონცეფციის დასავლურ და ქართულ მიდგომებს შორის მკვეთრი განსხვავებაა. დასავლურ კომპანიებში მმართველობითი აღრიცხვა გამოიყენება ანალიზის, დაგეგმვისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად,  საქართველოში   კი – ორგანიზაციის საქმიანობის საიმედო და სრული ასახვისთვის.

     მმართველობითი  აღრიცხვის ავტომატიზაცია არის ინდივიდუალური და რთული პროცესი, რადგან აუცილებელია მფლობელების, მენეჯერების მოთხოვნების "გადატანა" სააღრიცხვო სისტემაში პროგრამული პროდუქტის ფუნქციონალურობისა და პარამეტრების ერთობლიობაში.არსებობს მზა პროგრამული პროდუქტები, რაც შემუშავებულია მმართველობითი  აღრიცხვის ავტომატიზაციისთვის, თუმცა, საშუალო და მსხვილი ბიზნესსუბიექტებისთვის საუკეთესო ვარიანტია პროგრამული პაკეტის დახვეწა საკუთარი კონკრეტული საქმიანობისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ მაქსიმალური ეფექტურობა. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი, თუნდაც ულტრათანამედროვე, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა მხარს უჭერს მხოლოდ იმ პროცესებს, რაც აღწერილია და პრაქტიკაში ხორციელდება დამტკიცებული რეგულაციების მოთხოვნით. შესაბამისად, პროგრამული პროდუქტის  შერჩევა და ავტომატიზაცია გამოიყენება მხოლოდ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც უკვე აღწერეს და დანერგეს მართვის აღრიცხვის სისტემა და მისი აუცილებლობა პრაქტიკაში დადგინდა. ციფრულ ეკონომიკაში ბიზნესსტრუქტურისთვის მმართველობითი აღრიცხვის მოდელის აგების ასპექტების გამოვლენისას ყურადღება უნდა მიექცეს ინფორმაციული ტექნოლოგიების ისეთ რესურსს, როგორიცაა ERP კლასის სისტემები (საწარმოო რესურსების დაგეგმვა). ERP კლასის სისტემები არის მრავალფუნქციური აპლიკაციები, რომლებიც ქმნიან ერთიან გარემოს საწარმოს ყველა ოპერაციების აღრიცხვის, კონტროლის, დაგეგმვისა და ანალიზის ავტომატიზაციისთვის. ERP სისტემა ქმნის ინფრასტრუქტურას ელექტრონული მონაცემების გაცვლისთვის, როგორც საწარმოს განყოფილებებს შორის, ასევე მომწოდებლებსა და მომხმარებლებთან საწარმოს გარეთ . სტატიაში დეტალურადაა განხილული ERP    და  SAP  სისტემების  ქვესისტემები და მათი თავისებურებები). საქართველოში  ყველაზე გავრცელებულია 1C კომპანიის პროგრამული პროდუქტები. გამომდინარე იქიდან, რომ ,,1C: საწარმო“ პროგრამული სისტემის შესაძლებლობები შეესაბამება არსებულ ბიზნესსუბიექტების დღევანდელ მოთხოვნას ზოგადად. საჭიროა გამოვყოთ „1C: ERP Enterprise Management“-ის უპირატესობები, რაც განსაზღვრავს მის ფართო გამოყენებას ქართულ ორგანიზაციებში: უზრუნველყოფს მართვის სისტემის ძირითადი ფუნქციონალური ამოცანების შესრულებას - აღრიცხვა და კონტროლი, ანალიზი, დაგეგმვა და პროგნოზირება, სამუშაო პროცესების კოორდინაცია, თანამშრომელთა მომზადება; საშუალებას გაძლევთ გააერთიანოთ მონაცემები მრავალფეროვან პროცესებზე ერთ საინფორმაციო ველში; აყალიბებს ეფექტურ საკომუნიკაციო სისტემას სხვადასხვა დონის თანამშრომლებს შორის; ამუშავებს და აყალიბებს ინფორმაციის დიდი მოცულობის ნაკადებს;უზრუნველყოფს ,,1C კომპანიის“ სხვა პროგრამულ პროდუქტებთან სინქრონიზაციის შესაძლებლობას. ქართულ რეალობაში მცირე ბიზნესის დიდ ნაწილში ბუღალტრები და მენეჯერები მუშაობენ ერთ სისტემაში, მათთვის შესაბამის მოდულებში. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას მმართველობით  აღრიცხვაში აქვს მთელი რიგი უპირატესობა, როგორიცაა: ინფორმაციის დაგროვება ერთ საინფორმაციო სფეროში, დროისა და შრომის ხარჯების შემცირება, ინფორმაციის სისტემური სახით წარმოდგენა. მმართველობითი  აღრიცხვის ავტომატიზაციის პროგრამის არჩევანი ინდივიდუალურია თითოეული პიროვნებისთვის. ნებისმიერ პროგრამას უნდა ჰქონდეს შემდგომი დახვეწისა და  მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვის შესაძლებლობა. სწორი პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევისას, არანაკლებ მნიშვნელოვანია საიმედო პროვაიდერის შერჩევაც, რაც სამომავლოდ კომპანიის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

საკვანძო სიტყვები: ავტომატიზაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ციფრული ეკონომიკა, მენეჯმენტი, მენეჯმენტის აღრიცხვა, კონტროლი.